სიახლეები და პუბლიკაციები

2015 წლის 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გაზეთ "ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ „თიბისი ბანკის“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელთან დაკავშირებით. სასამართლომ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელი და დაავალა გაზეთ "ასავალ-დასავალს" მის მიერ გავრცელებული ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკმა“ და მამუკა ხაზარაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში გასული წლის თებერვალში შეიტანა და პატივისა და ღირსების შელახვისათვის მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 160,000 ლარის ოდენობით.

იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორმა, ქეთევან ქვარცხავამ, რომელიც იცავდა ბანკის და მამუკა ხაზარაძის ინტერესებს მითითებულ დავაში, განაცხადა: „გადაწყვეტილება შეესაბამება დეფამაციის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას და უმნიშვნელოვანესია საქართველოში პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის განვითარებისათვის. ჟურნალისტებმა, რომლებიც საზოგადოებას სრულ, ამომწურავ, გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ, აუცილებელია, გააცნობიერონ სიტყვის თავისუფლებით მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.“

სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეებს გაზეთისთვის დეფამაციური ცნობების გავრცელების გამო მატერიალური კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, რასაც მამუკა ხაზარაძის და „თიბისი ბანკის“ იურისტები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. საქმის მსვლელობის თაობაზე ახალი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC