სიახლეები და პუბლიკაციები

იურიდიული ფირმა „ბი-ელ-სი“, „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-სთან ერთად, იუწყება დეფამაციის საქმეზე კიდევ ერთი წარმატებული სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. 2016 წლის 9 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გაზეთ "ასავალ-დასავალის" და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ „თიბისი ბანკის“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელი. გაზეთ "ასავალ-დასავალს" დაევალა მის მიერ გავრცელებული ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა. სააპელაციო სასამართლო კიდევ უფრო შორს წავიდა და საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, გაზეთს და ჟურნალისტებს, სოლიდარულად, დააკისრა მოსარჩელეებისათვის მიყენებული მორალური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურება, ჯამში 6,000 ლარის ოდენობით.

 

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკმა“ და მამუკა ხაზარაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2014 წლის თებერვალში შეიტანა და პატივისა და ღირსების შელახვისათვის მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

 

გადაწყვეტილება აგრძელებს დეფამაციის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას და უმნიშვნელოვანესია საქართველოში პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის განვითარებისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს თავად აზრი და არა მისი გამოხატვის ფორმა. ჟურნალისტებმა, რომლებიც საზოგადოებას სრულ, ამომწურავ, გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ, აუცილებელია, გააცნობიერონ სიტყვის თავისუფლებით მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.

 

საქმეს სავარაუდოდ განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოც. საქმის მსვლელობის თაობაზე ახალი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს.

Copyright © 2009 BLC Professional Legal Services. All rights reserved.
The brand and logo are trademarks of BLC